ვიცე-პოლკოვნიკი ახტერ ლობჟანიძე. დაბ. 1950 წელს, სოფ დრანდა. დაჯილდოვებულია გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით. ამჟამად ცხოვრობს თბილისში.
კ ო დ ო რ ი ს ხ ი დ თ ა ნ “
აფხაზეთი. 1 9 9 3 წ .
* * *
...გამთენიისას სოხუმიდან მომავალი ავტოკოლონა გამოჩნდა, რომელსაც სამხედრო მძიმე ტექნიკით შეიარაღებული დაცვა მოყვებოდა...
კოდორის ხიდთან ქართველმა მებრძოლებმა კოლონა მოახლოვებისთანავე შეაჩერეს.
სამხედრო მანქანებიდან რუსი ოფიცრები გადმოვიდნენ...
- ვინ ხართ?!.. - ყოველგვარი ენთუზიაზმის გარეშე უთხრა ვიცე-პოლკოვნიკმა ახტერ ლობჟანიძემ. მას მტკიცე ვაჟკაცური გამომეტყველება და მბრძანებლური იერი ჰქონდა. სათითაოდ შეათვალიერა რუსულ მუნდირიანი ოფიცრები და უბრძანა ავტომანქანები გაეხსნათ.
რუსი საოკუპაციო ჯარის ოფიცრები, ცოტა არ იყოს ასეთ მოპყრობას, ყოფილი „უმცროსი ძმებისგან“ ნამდვილად არ მოელოდნენ და დაბნეულებმა, მხრების აჩეჩვით თქვეს, მანქანებში მხოლოდ ტყვარჩელის ალყაში მოქცეული მოსახლეობისათვის კვების პროდუქტებია და ტვირთი ქართულმა მხარემ საზღვართან უკვე გასინჯა...
- ამათი ნდობა, როგორ შეიძლება!.. - კბილებიდან გამოსცრა ზარანდიამ და ღრუბელივით სახემოღუშულმა გახედა ოკუპანთტა ავტომანქანებს. - თავს დავდევ, თუ ეს მანქანები სამხედრო აღჭურვილობებით არ იყოს გატენილი!.. - და ბატალიონის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს სახეზე მიაშტერდა.
- გახსენით მანქანები!.. - ფოლადივით დარეკა ახტერ ლობჟანიძის სვანურ კილოზე გამოთქმულმა ბრძანებამ.
ოკუპანტები წამით შეყოვნდნენ, მაგრამ მხოლოდ წამით! მერე, ყველას გასაკვირად, რუსი ოფიცრები საქართველოს სამხედრო ხელმძღვანელობას დაუკავშირდნენ და სოხუმიდან მათი წარმომადგენელი, ზარანდიას თქმით, ელვის უსწრაფესად მოვიდა.
- თქვენ რა, არ იცით, რომ...
- არ ვიცით!.. ჩვენ არაფერი არ ვიცით!.. - მტკიცედ მიუგო ბატალიონის თავკაცმა და შეუვალი პოზიცია დაიკავა. მის ზურგს უკან მაიორი ზარანდია, მაიორი წურწუმია, კაპიტანი წულუკიძე, უფროსი ლეიტენანტი გოგინავა, ლეიტენანტი დევდარიანი და კბილებამდე შეიარაღებული მებრძოლები კედელივით იდგნენენ.
საქართველოს სამხედრო ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა თავი მაღლა ასწია, ცეცხლივით უციმციმებდა გაკვირვებული თვალები. მცირე ხანს ზვერავდა ხან ერთ, ხან მეორე ქართველ მებრძოლს, რომელნიც ბატალიონის მეთაურების ზურგს უკან იდგნენ, იარაღში ჩამჯდარნი. ისინი მართლაც საოცრად ჰგავდნენ იმ არაგველებს, რომლებიც საკუთარი მიწისთვის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ დაუნდობელ მტერთან...
- ჰუმანიტარული დახმარებაა და ტვირთი დაუყოვნებლივ უნდა გაატაროთ, ყოველგვარი რატომ და რისთვის გარეშე... ეს მთავარსარდლის ბრძანებაა და არანაირ განხილვას არ ექვემდებარება!.. - და შეუსრულებლობის შემთხვევაში დახვრეტით დაემუქრა ბატალიონის თავკაცებს.
სხვა რა გზა იყო? მე-5 ბატალიონის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა გზა გაეხსნა...
ბატალიონის უფროსის მოადგილის, მაიორ ზარანდიას თქმით, მეთაურებიდან დაწყებული უკანასკნელ მებრძოლამდე, ყველა დარწმუნებული იყო, რომ რუსების ავტოკოლონა საკვებ პროდუქტებთან ერთად უახლესი სამხედრო აღჭურვილობით იყო დატვირთული, რომლითაც ოჩამჩირელი და ტყვარჩელელი აფხაზი ბოევიკები უნდა შეიარაღებულიყვნენ...
ამ მოვლენიდან რამდენიმე დღეში, ე.წ. „შერიგების“ ვადის დამთავრებისთანავე აფხაზური მხარის კბილებამდე შეიარაღებულმა ბოევიკებმა გააფთრებული იერიშები დაიწყეს ოჩამჩირის რაიონის მთელ ტერიტორიაზე და ბოლოს იერიში მიიტანეს კოდორის ხიდზე... ხოლო რუსებმა აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე მასიური და წერტილოვანი დაბომბვები დაიწყეს...
- ამათი, დედაც!.. - ადგილს ვერ პოულობდა ახტერ ლობჟანიძე. - ნუთუ ეს შევარდნაძემ ან ჩვენმა გენშტაბმა არ იცოდა?
- სამწუხაროა, რომ შევარდნაძის უკუღმართი და მოღალატური პოლიტიკის შედეგად რამდენი უდანაშაულო ადამიანი იღუპება... - სევდანარევი ხმით თქვა სადაზვერვო სამსახურის უფროსმა კაპიტანმა ნუგზარ წულუკიძემ, რომელიც ლეიტენანტ ბიძინა დევდარიანთან ერთად იქვე, შორიახლო ბოლთას სცემდნენ...
პოსტის ავტორი: ნუგზარ ქებურია.
სურათზე: ვიცე-პოლკოვნიკი ახტერ ლობჟანიძე. 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონის მეთაური. დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით.