1946წ. მღვდელი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია
ბარათი 1946 წლის 12 ივლისით თარიღდება: უწინარეს ყოვლისა შევავედრებ ჩემს უღირს ბაგით იმ უზენაეს ზეგარდამო არსს ციურ ძალას და ჭეშმარიტებას თქვენი უნეტარესობის საჯანმრთელოდ და სადღეგრძელოდ ყოფნას მთელი საქართველოს ერის სასარგებლოდ. აწ კი მოგახსენებთ ჩემს ვითარებას: მოულოდნელად დავმარცხდი. ვემზადებოდი წირვისათვის, ღამის 12 საათი იყო, ლოცვა დავიწყე, თან დაღლილობისა გამო სკამზე ჩამოვჯექი. ჩემდა უნებურად დამძინებოდა მუხლებზე. სტოლზე სასანთლე იდგა. სანთელი ჩამოვარდნილა, მოკიდებია ქაღალდზე. გამეღვიძა, სტოლზე ცეცხლი დავინახე გაჩაღებული, უეცრად ხელი დავკარი დასაქრობად, ის კი გავაქრე, მაგრამ ხელი კი აღმოჩნდა დამწვარი ისე, რომ სამსახური გამიჭირდა. ეხლა კი ვწამლობ. ამასთან, მივმართავ სიმდაბლით თქვენ უნეტარესობას, ნება მიბოძოთ ერთი თვის დასვენება. ამასთანავე, უბრძანოთ ლინდავის მღვდელს გიორგი ბეჟანიშვილს, ჩემი მოვალეობა გაწიოს დროებით და გიორგის ადგილზე მარინსკის (სოფელი სოხუმის რაიონში, აქ იყო წმინდა ხარლამპის სახელობის ეკლესია, სადაც მსახურობდა ბერძენი მღვდელი თეოდორე ივანეს ძე ისპასპისპიდი -- გ. მ.) მღვდელს ებრძანოს დღეგამოშვებით გიორგის მოვალეობა შეასრულოს. თქვენი უწმინდესობის მონა და მორჩილი არქიმანდრიტი ლუკა


