
მეუღლესთან დავით რჩეულიშვილთან (მოჭიდავე) ერთად.
თეო ტლაშაძე (დ. 12 ივნისი, 1973, გორი) — ქართველი ისტორიკოსი, პედაგოგი და პოლიტიკოსი. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტისა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.
ბიოგრაფია
თეო ტლაშაძე დაიბადა 1973 წლის 12 ივნისს ქალაქ გორში, ვალერიან ტლაშაძისა და ნათელა კოზაევას ოჯახში. მას ჰყავს ორი და — თამუნა და ხათუნა ტლაშაძეები. 1990 წელს დაამთავრა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საშუალო სკოლა.
ამავე წელს სწავლა გააგრძელა ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც 1995 წელს დაამთავრა. უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ, 1995–1996 წლებში, ხიდისთავის საშუალო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა.
პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობა
2004 წელს თეო ტლაშაძე გახდა საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი საარჩევნო ბლოკის „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“ პარტიული სიით. მოგვიანებით, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, მან პროტესტის ნიშნად დატოვა მმართველი გუნდი და ოპოზიციაში გადავიდა. იგი აქტიურად ჩაერთო ოპოზიციურ მოძრაობაში და 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში შიდა ქართლში „გაერთიანებული ოპოზიციის“ შტაბის უფროსის პოზიციას იკავებდა.
2014–2017 წლებში იყო გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. მისი ინიციატივითა და ძალისხმევით სოფელ ხიდისთავში მოეწყო ცნობილი ქართველი მწერლის ნიკო სამადაშვილისა და კომპოზიტორ კონსტანტინე მეღვინეთუხუცესიშვილის სკვერები, სადაც ასევე განთავსდა მათი მემორიალური დაფები.
2025 წელს, თეო ტლაშაძის მორიგი ინიციატივის საფუძველზე, სოფელ ხიდისთავში მდებარე იმ ქუჩას, რომელზეც აფხაზეთის ომის გმირი გია (სოხუმა) ტლაშაძე ცხოვრობდა, მისი სახელი მიენიჭა.
პირადი ცხოვრება
2015 წელს თეო ტლაშაძე დაქორწინდა დავით რჩეულიშვილზე. დავით რჩეულიშვილი არის სპორტსმენი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე, რომელიც 1983–1993 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, მოგვიანებით კი ასპარეზობდა საფრანგეთის კლუბ „მეტროში“ (Racing Club de France / Metro).