სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12316

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ნუცუბიძე ნესტორ დავითის ძე მღვდელი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ნუცუბიძე ნესტორ დავითის ძე მღვდელი

1860-1937წწ დაკრძ. დიდი ჯიხაში (სამტრედია)


მღვდელი ნესტორ დავითის ძე ნუცუბიძე, 1860 წლის 16 ივნისს დაიბადა. ნესტორი ახალგაზრდა ასაკიდან დგება  ღვთის სამსახურში. საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ (საქ. - იმერეთის სინოდ. კანტორა ფ. 489. საქ. 57656 - ხონის ოლქის) 1885 წელს ის გამწესებულია  მეფსალმუნედ (მედავითნედ). 1889 წლის 22 ნოემბერს გადაყვანილი იქნა პატარა ჯიხაიშის მაცხოვრის სახ.-ის ეკლესიაში. 1914 წლის 24 დეკემბერს გადაყვანილია დიდი ჯიხაიშის წმ. გიორგის სახ.-ის სერგეთის ეკლესიაში.  1924 წელს დიაკვნად განაწესეს, ხოლო მღვდლად ეკურთხა 1928 წელს. ეს კი, როგორც ცნობილია, ურთულესი წლებია საქართველოს ისტორიაში. ეკლესიის,  სამღვდელოების დევნისა და რეპრესიების. ამ წლებში ნესტორი ბოლომდე რჩება ღმერთის და ხალხის სამსახურში. იგი სიცოცხლის ბოლომდე სოფელ გოჩა ჯიხაიშის, წმ. გიორგის სახ. ტაძრის მღვდელი იყო. ნესტორი 1937 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია მშობლიურ სოფელში, სამტრედიის რ-ნი, სოფ. დიდ ჯიხაიშში, სერგეთის სასაფლაოზე.


მისი მეუღლე, ქრისტინე გრიგორის ასული იმედაშვილის ქალი გახლდათ. (15.03.1866 წ.-1945 წ.) ოჯახს 6 შვილი ჰყავდა:  უფროსი ქალიშვილი აკვილინა, (18.09. 1884 წ.-1965 წ.) მომდევნო ვლასი (1892 წ.-1939 წ.), ნინა (11.01.1894 წ.-1976 წ.), დავითი (28.07.1896 წ.-16.06.1973 წ. ), ბესარიონი (08.03.1899 წ.-05.03.1973 წ.) და უმცროსი კონსტანტინე (10.03.1901 წ.-1942 წ.)

ოჯახის ექვსივე შვილს საკმაოდ კარგი განათლება ჰქონდათ მიღებული. ამას  ოჯახში შემონახული დოკუმენტებიც ადასტურებს. დაწყებითი განათლება, ყველამ ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებულ დიდი ჯიხაიშის სკოლაში მიიღო.

ნესტორ ნუცუბიძის ქალიშვილებს სამედიცინო განათლება ჰქონდათ. აკვილინა ფარმაცევტი იყო, აფთიაქში მუშაობდა. ნინა (ფაცია) მეან-გინეკოლოგი, იგი ათეული წლების განმავლობაში სამტრედიის რკინიგზის სამშობიაროში მუშაობდა. ასევე სამტრედიის სასამართლოში ნაფიცმსაჯული იყო. მიღებული ჰქონდა შრომის წითელი დროშის ორდენი.

ქალიშვილებს ოჯახი არ შეუქმნიათ და ბოლომდე ძირითად ოჯახზე და ძმებზე მზრუნველებად დარჩნენ.

ვლასი ფოსტა-ტელეგრაფის ჩინოვნიკი იყო. იგი 1939 წელს, 47 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა. 

შემდეგი ვაჟი, დავითი. დათიკომ 1916 წელს თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა. იგი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო. 1917-1919 წლებში მუშაობდა ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებულ დიდი ჯიხაიშის  “უმაღლესი დაწყებითი ტიპის სკოლაში“ მასწავლებლად.  ხოლო, 1919 წელს თბილისში, ახლადგახსნილ უნივერსიტეტში იწყებს სწავლას, მათემატიკის ფაკულტეტზე. 1920 წლიდან უკვე  მუშაობს რკ.გზ. სამართველოში კომერციულ სტატისტიკაში უფროს მოანგარიშედ. 1921 წელს იმავე სტატისტიკის გამგედ, ხოლო 1921 წლის ოქტომბრიდან, ის იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას.  მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა მათემატიკის მასწავლებლად, თბილისის რკ.გზ. მე-9, მე-6 და მე-2 ქალთა სკოლაში მუშაობდა. პარალელურად ეწეოდა სხვადასხვა საზოგადოებრივ მოღვაწეობას, განათლების მუშაკთა კავშირის რაიადგილკომში.  

მომდევნო ვაჟი ბესარიონი (ცოცო), სოფელში დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ, თბილისში გადადის. 1922 წლიდან ბესარიონი უკვე იწყებს მუშაობას ქ. თბილისში სხვადასხვა დაწესებულებებში. 1922-1923 წლებში საქმის მწარმოებლად თბილისის 109-ე სკოლაში. 1924-1925 წლებში ცეკავშირში მოანგარიშედ. პარალელურად იღებს ეკონომიკურ განათლებას და 1925 წლიდან იწყებს მუშაობას ტრამვაისა და ტროლეიბუსების სამმართველოს ცენტრალურ ბუღალტერიაში - მთავარ ბუღალტრად. 1951 წლიდან მუშაობდა უფროს ბუღალტრად რძის კომბინატში. ბესარიონს ძალიან ბევრი ნოვატორული გამოგონება ჰქონდა ბუღალტერიაში. 1930 წელს ფინანსთა სამინისტრომ დაამტკიცა ახალი საბუღალტრო სააღრიცხვო ფორმები. რომლის გამოყენების შემდეგ,  შესაძლებელი გახდა, დროის 75% ეკონომიით გაეთვალათ საშემოსავლო გადასახადები. 1955 წელს მან დანერგა კიდევ 4 ახალი ფორმა, ამ ახალი ფორმებით მუშაობის გამო რამდენიმეჯერ მიიღო წარმოებამ პრემია, სიგელი და მადლობა, ვადაზე ადრე და ხარისხიანად შესრულებული ბალანსის ჩაბარებისთვის.

ნესტორ ნუცუბიძის უმცროსი შვილი, კონსტანტინე (კოსტა)  1925 წელს  სწავლას აგრძელებს ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპედაგოგო ფაკულტეტზე, ხოლო მალევე გადადის იმავე უნივერსიტეტის სოც. ეკონომიკის ფაკულტეტზე. მის სალექციო წიგნაკში მითითებულია შემდეგი პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც        მას ლექციებს უკითხავდნენ:   ი. ჯავახიშვილი, შ. ნუცუბიძე, ა. შანიძე, კ. კეკელიძე, ელ.ორბელიანისა. 30-იანი წლების ბოლოს ის ბათუმში გადადის და იქ იწყებს მუშაობას. 1941 წელს მე-2 სამამულო ომში გაიწვიეს და 1942 წლის 12 სექტემბერს დაიღუპა  კრასნოდარის მხარეს, კავკასიონის ერთ-ერთი უღელტეხილის დაცვისას.

1927 წელს, ბესარიონ ნუცუბიძემ, ტრამვაი-ტროლეიბუსების სამართველოში მუშაობის დროს, მიიღო ბინა სამსახურიდან.  ორსართულიანი სახლი დიდუბის რაიონში (მაშინდელ 1-ლი მაისის რაიონი) მდებარეობდა. სწორედ ამ სახლში იყრის თავს შემდეგში ყველა ძმა, კარებზე კი დიდი აბრა ჩნდება „ძმები ნუცუბიძეები“

1995 წელს, ნესტორ ნუცუბიძის ოჯახის არცერთი შვილი აღარ იყო ცოცხალი. მღვდელი ნესტორის შთამომავლები კი მხოლოდ ბესარიონ ნუცუბიძის 5 ქალიშვილი და მათი ოჯახის წევრები არიან. ბესარიონ ნუცუბიძის ქალიშვილებმა გადაწყვიტეს მამისეული სახლისთვის რესტავრაცია გაეკეთებინათ. მოულოდნელად, პირველი სართულის ერთ-ერთი საცხოვრებელ ოთახის დაშლისას, იატაკსა და „შავ იატაკს“ შორის, აღმოჩნდა ნაჭერში გახვეული რაღაც ნივთები. ეს ნივთები აღმოჩნდა მღვდელი ნესტორ ნუცუბიძის ჯვარი, წმინდა სანაწილე და საზიარებელი კოვზი.

მღვდელი ნესტორის შვილიშვილებისთვის,  ეს იყო სრულიად მოულოდნელი ფაქტი და  საოცარი ემოცია, გახსენება ოჯახის ყველა  წევრის: მამის, ბიძიების, მამიდების, ბებიის და  გახსენება ბაბუა ნესტორის, რომელმაც გამოიარა ბოლშევიკების მიერ არნახული ბრძოლა ეკლესიის მიმართ,  გახსენება იმ ავადსახსენებელი პერიოდის, 1937 წლის, როდესაც ბაბუა გარდაიცვალა და არ იყო იმის საშუალება, რომ ეკლესიას ჩაებარებინა და ეპატრონა გარდაცვლილი მოძღვრის ნივთებისთვის. სავარაუდოდ ეს ნივთები გადამალა უფროსმა ვაჟმა, ვლასიმ, რომელიც მამის გარდაცვალებიდან 2 წელიწადში გარდაიცვალა. 

 საბედნიეროდ,  ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის  (58 წლის) შემდეგ, ღვთის შეწევნით, სრულიად შემთხვევით, მივაგენით საიდუმლო სამალავს და დღის შუქზე გამოვიტანეთ მოძღვრის ნივთები. 

სულიერი მოძღვრის რჩევით, ამ ნივთებიდან წმინდა სანაწილე და საზიარებელი კოვზი ეკლესიას დავუბრუნეთ. ეს ნივთები ეხლა დიდუბის ტაძარში ინახება, ხოლო ბაბუას ჯვარი  სახლში დავიტოვეთ. ჩარჩოში ჩასმულს, ეხლაც ნუცუბიძეების საგვარეულო სახლში, საპატიო ადგილი უკავია.

ეს ჩვენი ოჯახის ისტორიაა, რომელზეც აისახა ქვეყნის ყველა ისტორიული მოვლენა და ასევე, ეს ისტორია აისახა ჩვენი ოჯახის ყველა წევრზე.  

დაკრძალულია სამტრედიის რ-ნი სოფ. დიდი ჯიხაიში. სერგეთ მინდორის მიმდებარედ სასაფლაოზე.

ადრე ტაძარი ყოფილა, რომელიც დაუნგრევიათ. მგონი წმ. გიორგის სახ.-ის ტაძარი.

  მარინე და ირინე (მაკომაია)  ნუცუბიძეები


ინფორმაცია და ფოტო მასალა მოგვაწოდეს დებმა ირინე და მარინე ბესარიონის ასულმა ნუცუბიძეებმა; (შვილიშვილები)

ნუცუბიძე - გვარის 19 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ნუცუბიძე ეფრემი არქიმანდრიტი
ნუცუბიძე ეფრემი - არქიმანდრიტი. გოთიეთის ანთიმოზ ივერიელის სახ. მამათა მონასტერი 2008წ სრულად ნახვა
ნუცუბიძე სიმონი დეკანოზი
ნუცუბიძე სიმონი - დეკანოზი. დაბადებულია 18 ოქტომბერი 1944-2010წ. ნაკურთხია 1979 წელს, დაკრძალულია დიდუბის ეკლესიის ეზოში სრულად ნახვა
ნუცუბიძე ეგნატე მღვდელმონაზონი
ნუცუბიძე ეგნატე - მღვდელმონაზონი. 2014 წლის 03 აპრილს, მცირე სქემაში აღკვეცა. 2025 წლის 07 აპრილს მღვდელმონაზვნად ხელდასხმა. სოფელ ქვედა სიმონეთის (თერჯოლა) ყოვლადწმინდა სამების სახელობის მამათა მონასტრის წევრი. სრულად ნახვა
ნუცუბიძე გერასიმე ალექსანდრეს ძე მღვდელი
ნუცუბიძე გერასიმე ალექსანდრეს ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ნუცუბიძე ნესტორ დავითის ძე მღვდელი
ნუცუბიძე ნესტორ დავითის ძე - მღვდელი. 1860-1937წწ დაკრძ. დიდი ჯიხაში (სამტრედია) სრულად ნახვა
ნუცუბიძე სიმონი - მღვდელი.
ნუცუბიძე დავით - მედავითნე. სრულად ნახვა
ნუცუბიძე პავლე - მედავითნე.
ნუცუბიძე ინდისი (კუკური) - დეკანოზი. სრულად ნახვა
ნუცუბიძე იოსებ (იესე) გრიგოლის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ნუცუბიძე ნინო - მონაზონი. სრულად ნახვა
ნუცუბიძე ალექსანდრე - მედავითნე. სრულად ნახვა
ნუცუბიძე სვიმონი - მღვდელი. სრულად ნახვა
ნუცუბიძე ლაზარე - მღვდელი. სრულად ნახვა
ნუცუბიძე ნიკოლოზ თამაზის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ნუცუბიძე გიორგი - მედავითნე. სრულად ნახვა
ნუცუბიძე მიხეილი - მედავითნე. სრულად ნახვა
ნუცუბიძე იოანე - მღვდელი. 2013 წლის 01 ივნისს, მღვდლად კურთხევა. იმსახურებს: ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. სრულად ნახვა
ნუცუბიძე მიტრადორა - სქემმონაზონი. დაბ. 1832წ. სრულად ნახვა
ნუცუბიძე სოლომონ მიხეილის ძე - მღვდელი. დაბ. 1891 წ.  მღვდელი დაბ.სოფ ფარცხანაყანევი. წყალტუბო სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.