1890წ. მედავითნე ზედუბანი (ოზურგეთი) მთავარანგელოზის ეკლესია
1899წ. მღვდელი ზედუბანი (ოზურგეთი) მთავარანგელოზის ეკლესია
1904-1915წ. მღვდელი ხრიალეთი (ოზურგეთი) მთავარანგელოზის ეკლესია
მეგრელიძე რომანოზ 1890წ. მედავითნე 1899წ. მღვდელი ზედუბანი (ოზურგეთი) მთავარანგელოზის ეკლესია 1904-1915წ. ხრიალეთი (ოზურგეთი) მთავარანგელოზის ეკლესია
რომანოზ მეგრელიძე დაიბადა
1878 წელს. მოღვაწეობდა მშობლიური სოფლის მიქელ-გაბრიელის, დაბა ხრიალეთის მონასტერში. მოძღვარი ბოლშევიკებმა მრავალჯერ გააფრთხილეს, თავი დაენებებინა ღვთისმსახურებისათვის, მაგრამ რომანოზი ვერ „დაიმორჩილეს“. იგი კარგად ხედავდა, რომ „ჩეკამ“ მიქელგაბრიელის საზოგადოების ეკლესიების წინამძღვართა და, საერთოდ, იქ მოღვაწე საეკლესიო პირების წინააღმდეგ როგორი დაუნდობელი მეთოდებით გააგრძელა ბრძოლა, ამიტომ შეეცადა მკერდით დაეცვა შეშინებული და აფორიაქებული მრევლი. რაკი ხელისუფლება დარწმუნდა მოძღვრის მტკიცე და უკომპრომისო ხასიათში, გადაწყვიტა მისი მკაცრად დასჯა.
შემოდგომის ერთ საღამოს ცხენზე ამხედრებულმა ბოლშევიკებმა ლამპრების შუქითა და ყიჟინით თავზარი დასცეს სოფელს, ამასაც არ დასჯერდნენ, ხალხის თვალწინ ცეცხლი გაუკიდეს ხრიალეთის ხის ეკლესიას, ლანძღვა-გინება და ცეცხლის ენები ერთმანეთში ირეოდნენ, ქალები ტიროდნენ, მოხუცები ბუზღუნებდნენ და გაჩენის დღეს წყევლიდნენ, მოითხოვდნენ ბარბაროსთა შეყენებას, მაგრამ სატანა კვლავ ხარხარებდა.
რომანოზ მეგრელიძეს, დღიდან გასაბჭოებისა, ადგილობრივმა ხელისუფებამ კატეგორიულდ აუკრძალა მღვდელმსახურება, მაგრამ მოძღვარი მისიას ფარულად მაინც ასრულებდა, ავადმყოფებთან დაიარებოდა, ხალხს აზიარებდა, ნათლავდა, ჯვარს სწერდა... სოციალისტური რეჟიმის დამქაშებმა ოზურგეთის „ჩეკაში“ წარადგინეს რომანოზი და რამდენიმე დღე ციხის საკანში გამოამწყვდიეს.
ტანჯული მოძღვარი, ფიზიკურად და მორალურად შეურაცხყოფილი, დააშინეს, მოკვლით დაემუქრნენ.
ერთ დროს ცნობილი მაუზერისტი თეოფილე (თოქისტა) ბოლქვაძე წერდა: „ვებრძოდით ყველა გზით... სამღვდელოებას. სამღვდელოება რომ ავკრძალეთ, ხუცესმა რომანოზ მეგრელიძემ მაინც არ დაიშალა თავისი და ამისთვის წვერები და თმა ჩამოვაცალეთ მე, გიორგი გაგუამ, ნიკოლოზ მჟავანაძემ და გიორგი ხომერიკმა.“ ისირცხვილა ეს ყველაფერი რომანოზმა და მას შემდეგ ხალხს ერიდებოდა, ცხოვრობდა პატარა ოდა-სახლში მარტო, იქვე აღმოაჩინა წყარო და გამართა წისქვილი, ხელი მიჰყო მეურნეობას. ხალხი მაინც დაიარებოდა მასთან, იმიზეზებდა: „რომანოზთან საფქვავი მაქ მისატანიო“ და ტკბებოდა მღვდლის გულღია საუბრით. ხალხი დღესაც სიხარულით ეძახის რომანოზის მიერ გამოყვანილ წყალს „ხუცისწყალს“ . ბავშვებიც ხშირად ვიკლავთ წყურვილს იქ, გვსიამოვნებს საოცრად ლამაზი ბუნების ფონზე ასევე კოხტა და მორაკრაკე წყაროს ხმა და განსაკუთრებით იმის გაფიქრება,რომ „ხუცისწყალი“ უკავშირდება საყვარელი მოძღრის რომანოზ მეგრელიძის სახელს.
